რადიო "ძველი ქალაქის" ეთერით გასულმა ბოლო გადაცემამ ციკლიდან „ქალი და პოლიტიკა" - მსმენელებს საშუალება მისცა, მოესმინათ ამომრჩეველ ქალთა კლუბების წევრების, საზოგადოებისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასება და შეხედულებები სამომავლო სტრატეგიების თაობაზე.
ფონდ „ სოხუმის" თანათავმჯდომარემ, პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა ისაუბრა ქალთა პოლიტიკური აქტივობის მიზნით გაწეულ მუშაობაზე, მიღწეულ შედეგებზე, აღნიშნა ხარვეზებიც. გამოითქვა მზადყოფნა, რომ ქალთა კლუბები და მათი მხარდამჭერები სათანადო ენთუზიაზმით განაგრძობენ მუშაობას ახალ პროექტში, რადგან წინ საპარლამენტო არჩევნებია, რომელმაც აუცილებლად უნდა შეცვალოს ქალთა მონაწილეობის კუთხით სადღეისოდ არსებული მდგომარეობა.
კლუბების ლიდერებმა ქალთა პრობლემების ადვოკატირების კონკრეტული შედეგები დაასახელეს და აღნიშნეს, რომ მიღებული პრაქტიკა შემდგომში მეტი პრობლემის გადაწყვეტის შესაძლებლობას მისცემთ, რაც განუხრელად ზრდის მათი რეგიონის ქალთა ნდობას კლუბების საქმიანობისადმი.
„ერთადერთი ქალბატონი ჩვენს საკრებულოში - უკვე ქმნის სათანადო ამინდს. რაც შეეხება ქალთა მონაწილეობის გაზრდას - მე ვეთანხმები ამ აზრს, რომ ქალს შესაბამისი პასუხისმგებლობის უნარი და შესაძლებლობა გააჩნია, ამიტომ მივესალმები მათ მოსვლას პოლიტიკაში", - ასეთი პოზიცია გამოხატა ქუთაისის საკრებულოს წევრმა მერაბ მეშველიანმა. |