პანელური
დიალოგი ფონდი „სოხუმის" სენაკის
ამომრჩეველ ქალთა კლუბსა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის იმ საკითხებს შეეხო,
რომლებიც, რამდენიმე
თვეა, კლუბის
სამოქალაქო ინიციატივების ჯგუფის მიერ ხორციელდება და მასში სულ უფრო მეტი
ადამიანი და სამსახური ერთვება.
თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ გარემოებას, რომ ადგილობრივ ხელისუფლებაში
მიმდინარე არაერთგვაროვანი პროცესები გარკვეულწილად აფერხებს სამოქალაქო
ინიციატივების განხორციელებას, მაგრამ მთლიანობაში, ადგილობრივი პოლიტიკა კეთილგანწყობილია
კლუბის საქმიანობის მიმართ და მათი ინიციატივებიც - მთლიანად მხარდაჭერილი. ამ ეტაპზე გამოყოფილია
მანქანა და საწვავი ნოქალაქევის აქციის ჩასატარებლად, მობილიზებულია ადმინისტრაციული
რესურსები.
როგორც
კლუბის წევრები აღნიშნავენ, ინიციატივაში ჩართული ადამიანების ძალისხმევა უნაყოფოდ
არ იკარგება: „ჩვენს მიერ დასმული საკითხი, რომ თავიდან ავირიდოთ ქალაქის
გამწვანების ზოლების
საქონლის მიერ განადგურება, გადაწყვეტილია. ქალაქის ხელმძღვანელობამ მცირე, მაგრამ
საკმაოდ ეფექტური ჯარიმები დააკისრა საქონლის მეპატრონეებზე და მოსახლეობა მეტი
პასუხისმგებლობით ეკიდება მწვანე საფარის მოვლის საკითხს".
„ჩვენ
დიდი სურვილი გვაქვს, ინიციატივის ფარგლებში ქალაქის აგრარულ ბაზარში სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების საკითხი
შევისწავლოთ და პატარა კამპანიაც ჩავატაროთ, მოვაჭრეებს მივაწოდოთ ინფორმაცია
გარემოსდაცვით და საკვების უვნებლობის საკითხებზე", - ამ წინადადებით გამოდიან ინიციატივაში ჩართული
ახალგაზრდები.
ინიციატივის
მიმდინარეობაზე საკმაოდ საინტერესო სტატიები დაიწერა, რომლებიც ფონდი „სოხუმის" ჟურნალ „ქალთა ხმასა" და ადგილობრივ გაზეთში დაიბეჭდება.
ყველაზე
თვალსაჩინო არის ის, რომ საზოგადოებაში თანდათანობით
პოპულარული ხდება გარემოსდაცვითი
თემა, ეკოკულტურა, რაც კლუბის წევრებს ძალიან ახარებთ.
პროექტი ხორციელდება
საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |