აპრილში ქუთაისის, ხონის, წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა შეხვედრები იურისტებთან. შეხვედრების თემა სხვადასხვა იყო - დევნილთა განსახლების პრობლემები და მისი თანამდევი მოვლენები; განქორწინება და ალიმენტი; სუიციდი მოზარდებში. შეხვედრების მიზანი - დევნილებისთვის საჭირბოროტო საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება; მძიმე ყოველდღიურობით გამოწვეული პრობლემების მოგვარება.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის იურისტების დახმარებით დევნილ მოსახლეობას სხვადასხვა სახის პრობლემა მოუგვარდა (წყალტუბოს სანატორიუმ „მეტალურგში" ჩასახლებულ დევნილებს ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. იურისტის დახმარებით, პრობლემის მოგვარების პროცესში ჩაერთო სანატორიმის დირექტორი, რომელმაც სათანადო ორგანოებს მიმართა. პრობლემა გადაჭრილია).
ხურჩის ცენტრის შეხვედრაზე მოზარდებს შორის სუიციდის საკითხი დაისვა. ითქვა, რომ აღნიშნული თემა მსჯელობის საგანი შემთხვევით არ გამხდარა. კონფლიქტის ზონაში, ასევე მახლობელ სოფლებში, მოზარდებს შორის თვითმკვლელობის ფაქტებმა იმატა, რაც ადგილობრივ მცხოვრებთა სამართლიან შეშფოთებას იწვევს.
დევნილებმა გამოთქვეს აზრი, რომ ამ კუთხით მოზარდების მშობლებმა და ფსიქოლოგებმა განსაკუთრებულად უნდა იმუშაონ. |