22 აგვისტოს აშშ საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „იგპ ქალთა ადგილობრივ საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა მათი ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგში ჩართვის გზით" ფარგლებში ჩატარდა „მრგვალი მაგიდა" თემაზე - „თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის 2011 წლის ბიუჯეტის მონიტორინგის ანგარიში გენდერული ასპექტების გათვალისწინებით (ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და განათლების სფეროებში)".
მრგვალ მაგიდას ფონდის მესვეურები, საკრებულოს სხვადასხვა სამსახურების წარმომადგენლები, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, მონიტორინგის ჯგუფის წევრები, ჟურნალისტები, საზოგადოების წევრები დაესწრნენ.
მონიტორების მოკლე ანგარიშის შემდეგ - რა მიმართულებით ტარდებოდა მონიტორინგი, როგორი იყო გენდერული მიდგომები ამ კუთხით, რა გამოვლინდა ჩატარებული მუშაობის შედეგად, როგორი იყო სამოქალაქო პოზიციების შესწავლის შედეგები და უკუკავშირი - მოხდა აზრთა ურთიერთგაზიარება.
საკრებულოს წარმომადგენლებმა ისაუბრეს თავისი დამოკიდებულების შესახებ წარმოდგენილი რეკომენდაციებისადმი, შეეხნენ საკითხებს, რომელთა გადაწყვეტა სავსებით შესაძლებელია, დადგეს დღის წესრიგში; არის საკითხები, რომლებიც მხოლოდ ლობირების დონეზე შეიძლება იქნეს განხილული. ზოგი საკითხის მიზანშეწონილობას კი ისინი კატეგორიულად არ დაეთანხმნენ და საამისო არგუმენტაციაც მოიყვანეს. (მაგალითად - მუნიციპალური საავადმყოფოს დაფინანსების საკითხი).
მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა ისაუბრეს იმ კონკრეტულ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაზეც დიდად არის დამოკიდებული ქალთა მდგომარეობის გაუმჯობესება. არ არსებობს გენდერულად ბოლომდე ნეიტრალური საკითხი და ის თანამშრომლობა, რომელიც პროექტის განხორციელების მანძილზე არსებობდა საკრებულოსა და ქალთა ფონდს შორის, არის საუკეთესო პრეცედენტი სახელისუფლებო და სამოქალაქო თანამშრომლობისა.
„რამდენიმე წელია, ქუთაისში არსებობს კარგი პრაქტიკა , რაც მდგომარეობს საკრებულოს ბიუჯეტის საზოგადოების ჩართვით ფორმირებაში. გარწმუნებთ, ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ მოქალაქეების ნების გათვალისწინებას. ყველანაირად ვეცდებით, დღეს გაჟღერებული ქალთა საზოგადოების დაკვეთა შესაძლებლობის ფარგლებში აისახოს საკრებულოს პროგრამებში", - ასეთი იყო საკრებულოს წარმომადგენლების პოზიცია.
ღონისძიების მიმართ დაინტერესება რეგიონალურმა მედიასაშუალებებმაც გამოხატეს. თემას ვრცელი სიუჟეტი მიუძღვნა ტელეკომპანია „რიონმა". |