| „17 აგვისტოს გამართულ გარემოს დაცვის აქციას ადგილობრივი თვითმმართველობის
ტერიტორიული მართვის ორგანოები, ინფრასტრუქტურის, კულტურის სამსახურები აქტიურად შემოუერთდნენ.
როგორც მათ აღნიშნეს, ასეთი ინიციატივა იშვიათად მოდის სამოქალაქო საზოგადოებიდან და
ამიტომ განსაკუთრებით დასაფასებელია", - ეს ინფორმაცია გაჟღერდა ფოთში, ამომრჩეველ
ქალთა კლუბსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან პანელურ დიალოგზე, სადაც შეფასდა სამოქალაქო
ინიციატივების შედეგები.
ითქვა, რომ ბავშვთა გასართობი კუთხის ხარჯთაღრიცხვა შესაბამისმა
სამსახურებმა გააკეთეს და საკითხის განხილვა მიმდინარეობს საკრებულოს დონეზე. როგორც
დიალოგის მონაწილე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელმა განაცხადა, ის, რომ მოქალაქეები
მზად არიან საკუთარი წვლილი შეიტანონ პარკის კეთილმოწყობაში, საკითხის პოზიტიურად გადაწყვეტის
წინაპირობაა.
ინიციატივის ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ პროექტმა მათ ახალი
გამოცდილება შესძინა: „17 აგვისტოს აქციაზე კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სამოქალაქო
აქტიურობა უპასუხოდ არ რჩება და ძალიან ხშირად მხარდაჭერილია ადგილობრივი ხელისუფლების,
მედიის, მოქალაქეთა მხრიდან, რადგან ყველა ხედავს, რომ ის საზოგადოებრივ სიკეთეს ემსახურება".
პროექტი ხორციელდება საქართველოში აშშ საელჩოს მხარდაჭერით |