ქალი და მისი სამშვიდობო როლი, ახალგაზრდობა და სამშვიდობო ინიციატივები, კონფლიქტების მართვა, „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- ამ და სხვა თემებზე ჩაატარეს ვორკშოპები ფონდი „სოხუმის" ლიდერ გოგონათა სკოლის მოსწავლეებმა. 1-დან 15-ივნისამდე ვორკშოპებმა 4 სხვადასხვა ქალაქი მოიცვა:
სენაკი
ვორკშოპის წამყვანი ქეთინო მილორავა აღნიშნავს, რომ თემამ - ქალის როლი კონფლიქტის მშვიდობიანი გზით დარეგულირებაში - მონაწილე ახალგაზრებში დიდი ინტერესი გამოიწვია, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ამ თემის ირგვლივ სხვა დროს არასოდეს უმუშავიათ, სამშვიდობო ინიციატივებზე საუბარი გაუჭირდათ. წამყვანის აზრით მსგავსი შეხვედრები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ინფორმირებას.
გალი
ლანა კოკაია მის მიერ ჩატარებულ ვორკშოპზე ასეთ ინფორმაციას გვაწვდის:
თემა „შერეული ოჯახები სამშვიდობო პროცესში"- მონაწილეებისათვის ძალზე ახლოს აღმოჩნდა, რადგან მათ შორის რამდენიმე სწორედ შერეული ოჯახის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდები თვლიან, რომ ეს შეხვედრა ერთ დღეს არ დამთავრდება. ისინი გააგრძელებენ ფიქრს და მსჯელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებაზე.
„კონფლიქტის არსი და ქალის როლი მშვიდობისმყოფელობაში". - ლიზი ქირთბაია მიიჩნევს, რომ ახალგაზრდები მოკლებულნი არიან ინფორმაციებს კონფლიქტებზე. ალბათ ამით იყო განპირობებული მონაწილეთა განსაკუთრებული დაინტერესება თემისადმი.
მონაწილეები კარგად ჩასწვდნენ კონფლიქტის არსს, კონფლიქტის დადებით და უარყოფით მხარეებს, რის შემდეგაც მათთვის უფრო ადვილი აღმოჩნდა სუბარი ქალის სამშვიდობო როლზე.
ქუთაისი
„კონფლიქტის მართვა" - ამ თემაზე ჩაატარა ვორკშოპი ეკატერინე ოჩიგავამ.
მუშაობისას გამოყენებული იყო სხვადასხვა სახის სავარჯიშოები, ჯგუფური მუშაობები. განსაკუთრებით საინტერესოდ წარმოადგინეს როლური თამაშები, სადაც მონაწილეები შეეცადნენ ეპოვათ სხვადასხვა გზები კონფლიქტის მართვისა და ტრანსფორმაციისათვის.
„ახალგაზრდების როლი მშვიდობისმყოფელობაში" - თამარ ბარამია თვლის, რომ ეს თემა მონაწილეებისათვის დამაფიქრებელი აღმოჩნდა. რაც ხმამაღლა გამოხატეს. მათი აზრით, ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულნი სამშვიდობო საქმიანობაში, რათა ამ პროცესში საკუთარი როლი, საკუთარი ადგილი იპოვონ.
„მე მაქვს ურთიერთობა აფხაზებთან, ხშირად ჩავდივარ მათთან, ისინი ჩემი ნათესავები არიან, ამ კავშირებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სამშვიდობო საქმიანობაში".
„ინტერენეტი კარგი საშუალებაა იმისათვის, რომ აფხაზ თანატოლებთან ურთიერთობა დავამყაროთ, თუ მოვინდომებთ, ჩვენ მეგობრობა არ გაგვიჭირდება." - ეს იმ სამშვიდობო ინიციატივების ჩამონათვალია, რომელიც ერთ-ერთი ვორკშოპის მონაწილე გოგონებმა ჩამოაყალიბეს. ვორკშოპის წამყვანი შორენა ჩხაპელია მიიჩნევს, რომ მსგავსი თემების ირგვლივ ახალგაზრდებთან უფრო რეგულარულად უნდა ტარდებოდეს შეხვედრები.
მარიამ დადვანი ახალგაზრდებთან ჩატარებულ ვორკშოპზე შეეცადა გაერკვია, რას ფიქრობენ ისინი კონფლიქტზე, როგორია მათი თვალით დანახული მშვიდობა.
მონაწილეები თვლიან, რომ მიიღეს ინფორმაციები კონფლიქტზე და გაუჩნდათ სურვილი მსგავსი შინაარსის შეხვედრებს ხშირად დაესწრონ.
ფოთი
„მოსწავლეთა სამშვიდობო ინიციატივები"- ფოთის მე-8 საჯარო სკოლის მე-11 კლასელებს ამ თემაზე ჩაუტარდათ ვორკშოპი, რომელსაც ელისო შენგელია უძღვებოდა.
შეხვედრაზე გაირკვა, რომ მათ არ ჰქონდათ წარმოდგენა კონფლიქტზე, მის მიმდინარეობაზე და ფორმებზე, ამიტომაც სამშვიდობო ინიციატივებზე მუშაობა ძალიან გაუჭირდათ. თუმცა მონაწილეები მიიჩნევენ, ამ ერთი შეხვედრითაც კი მიიღეს ბევრი ინფორმაცია, რამაც კონფლიქტზე გარკვეული წარმოდგენა შეუქმნათ.
პროექტი ხორციელდება შვედეთის ქალთა ორგანიზაცია „ქალები ქალებისათვის" (KVINNA TILL KVINNA) მხარდაჭერით. |