ფონდ „სოხუმთან" თანამშრომლობის პროდუქტად აღიარეს წყალტუბოს ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა - სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჯგუფში გამოიყოს სპეციალისტი, რომელიც სპეციალურად ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევის კუთხით მომზადდება, ითანამშრომლებს სახელმწიფო რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან, ამ საკითხის გადაწყვეტით დაინტერესებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.
24 ოქტომბერს, ქალაქ წყალტუბოში ფონდი „სოხუმის" მიერ ორგანიზებული კიდევ ერთი მრგვალი მაგიდა ჩატარდა თემაზე - „ოჯახში ძალადობისაგან დაცვის სახელმწიფო რეფერალური მექანიზმები - პრინციპები და შესაძლებლობები". შეხვედრას ესწრებოდა დევნილი საზოგადოება, პედაგოგები, უფროსკლასელები, ჟურნალისტები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოციალური სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ძალადობის პრობლემის მოგვარება წარმოუდგენელია სახელმწიფოს მიერ შესაბამისი ეფექტური მექანიზმების შექმნისა და დანერგვის გარეშე. აუცილებელია საზოგადოების ინფორმირება, რათა ადამიანებმა სახელმწიფოს მიერ გამართული მექანიზმები პრაქტიკულად გამოიყენონ.
გამოიკვეთა სოციალური დაცვის ახალი შესაძლებლობები, სოციალური მუშაკების ინსტიტუტის დამკვიდრებისა და პოპულარიზაციის ტენდენცია, დაისახა თანამშრომლობის პერსპექტივებიც.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |