24 თებერვალს „რიონის" ეთერში გასულმა ფონდი „სოხუმის" ტელეგადაცემამ სამოქალაქო ადვოკატირების თვალსაჩინო მაგალითებზე მოგვითხრო.
ქუთაისისა და წყალტუბოს ქალთა კლუბების ადვოკატირების ჯგუფის წევრები მათ მიერ ჩატარებულ მუშაობას შეეხნენ. მათ შორის იყო რიგ უბნებში წყლის მოუწესრიგებელი გრაფიკის, მაღალ სართულებზე წყლის გადასახადზე შეღავათის მოხსნის საკითხი. ასევე ძალიან მტკივნეული - ზოგიერთი მოქალაქის მხრიდან წყლის რესურსის მიმართ არასწორი დამოკიდებულების პრობლემა, რაც ამ რესურსის არამიზნობრივ ხარჯვას უწყობს ხელს.
ქუთაისის წყალმომარაგებაში არსებული სიტუაცია, ხარვეზები და მათი გამოსწორებისათვის აუცილებელი ღონისძიებები - ამ საკითხებზე ადვოკატირების ჯგუფის წევრებთან ერთად შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელმა პირებმა, არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ისაუბრეს.
ტელემაყურებლებს საშუალება ჰქონდათ, ინტერაქტიულ რეჟიმში დაესვათ მათთვის საინტერესო კითხვები. გამოვლინდა ბევრი საჭირბოროტო საკითხი, რომელიც, როგორც გადაცემის სტუმრებმა განმარტეს, ეტაპობრივად გადაწყდება და ამ პროცესის მაქსიმალური შედეგი სწორედ სამოქალაქო საზოგადოებისა და შესაბამისი სამსახურების, ადგილობრივი ხელისუფლების მჭიდრო თანამშრომლობით, ინფორმაციის ინტენსიური გაცვლით მიიღწევა.
საკითხზე საუბარი გადაცემით არ დამთავრებულა. ადვოკატირების ჯგუფის წევრებმა შემდგომი საქმიანობის კონტურები მონიშნეს. ტელევიზიამ რამდენიმე სოციალურ სიუჟეტზე მუშაობა უკვე დაიწყო.
მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფები უკვე გამოეხმაურნენ მოწოდებას, აქტიურად ითანამშრომლონ შესაბამის სტრუქტურებთან მათ უბანში სიტუაციის გამოსწორების მიზნით.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |