„ყველა მდინარეს აქვს მშვიდი და ბობოქარი ნაპირი, ამიტომ გაღმა ნაპირზე გასვლას თუ დააპირებ, სწორედ ეს მშვიდი ადგილი უნდა მოძებნო", - ეს სიტყვები ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარებულ ტრენინგზე ითქვა, როდესაც ერთ-ერთი სავარჯიშოს დროს კონფლიქტური სიტუაციიდან გამოსავალს ეძებდნენ.
ფონდი „სოხუმის" ტრენერთა ჯგუფი სამი დღის განმავლობაში მუშაობდა ისეთ თემებზე, როგორიცაა ქალისა და მამაკაცის ფუნქციათა გადანაწილება ოჯახში, დიდი ოჯახის პოზიტიური და ნეგატიური მხარეები, გენდერული თანასწორობა საზოგადოებაში, ოჯახური კონფლიქტები როგორც ძალადობის საფუძველი...
მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეთა ჯგუფი 13-14 წლის მოზარდებისაგან შედგებოდა, ისინი კარგად ჩაწვდნენ მსხვერპლისა და მოძალადის ფსიქოლოგიას, დიდი ინტერესით მოისმინეს ძალადობის პრობლემის იურიდიული ასპექტები. ერთად იფიქრეს გამოსავალზე და ძალადობის პრობლემის მოგვარების მექანიზმებზე.
პროექტი ხორციელდება: გერმანიის ორგანიზაცია EED-ს, ეკლესიათა განვითარების სამსახურის მხარდაჭერით. |