22 ნოემბერს რადიო „ძველი ქალაქის" ეთერით ფონდი „სოხუმის" გადაცემათა ციკლის - „ქალი და პოლიტიკა" - პირველი სიუჟეტი გავიდა.
რადიოგადაცემაში გაჟღერდა ინფორმაცია პროექტის ახალი ეტაპის შესახებ, რომლის ერთერთი მთავარი მიზანია ქალთა პოლიტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება მომდევნო არჩევნებისათვის, ამომრჩეველ ქალთა კლუბების გაქტიურება და გაფართოება, ქალთა საკითხების გადაწყვეტის ლობირება.
მსმენელმა მოისმინა ინტერვიუები რუსუდან კერვალიშვილთან, ნინო ციხისთავთან. ეს უკანასკნელი მიიჩნევს, რომ „პრობლემაა, რომ ჩვენ არა გვაქვს ჩამოყალიბებული პოლიტიკური ნება, რომელიც საქართველოში მოღვაწე ქალებს საშუალებას მისცემს, თანაბრად მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში". - ნინო ციხისთავი, კავკასიის ქალთა ქსელის თავმჯდომარე.
ქ-ნი რუსუდან კერვალიშვილი, რომელიც პარალელურად პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარეა, დარწმუნებულია, რომ „ქართულ პოლიტიკას მანდილოსნების სიმრავლე სჭირდება".
გორის რაიონის სოფელ კარალეთის მკვიდრი ხათუნა ხათაშვილი ბოლო არჩევნებში იყრიდა კენჭს. ის მიიჩნევს, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი რამაა გადასახედი, თუ გვინდა ქალებისთვის თანაბარი პირობების შექმნა.
პროექტი ხორციელდება დემოკრატიის ნაციონალური ფონდის(ვაშინგტონი) მიერ (NED) |