როგორ ხედავს საზოგადოება
არასამთავრობო სექტორის როლს და ფუნქციას ოჯახში ძალადობის პრობლემის აღმოფხვრის
კუთხით, რას ფიქრობენ ამ საკითხზე ექსპერტები, სხვადასხვა სოციალური ჯგუფის
წარმომადგენლები, რა უნდა იყოს უმთავრესი
მათ „დღის წესრიგში" და რა მიმართულებით უნდა გააძლიერონ მუშაობა - ამ და სხვა საკითხებზე ცოცხალმა დისკუსიებმა კიდევ
ერთხელ გამოკვეთა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, როგორც სერიოზული აქტორები ოჯახში
ძალადობის პრობლემაზე რეაგირების თვალსაზრისით. დაგვანახა, რომ განუსაზღვრელია
მათი როლი შემთხვევების აღმოჩენის და მართვის, მსხვერპლის ფსიქო-სოციალური და
სამართლებრივი მომსახურების, საზოგადოების ინფორმირებისა და არაძალადობრივი
კულტურის პროპაგანდის კუთხით.
დისკუსია, ძირითადად, შეეხო საკითხს - რომელია უფრო ორგანული:
ინფორმირება, განათლება, უნარების გაძლიერება, თუ კანონისა და რეფერირების
მექანიზმების მონიტორინგი და საკანონმდებლო ბაზის დახვეწაზე მუშაობა. ანუ, უფრო -
დახმარება, თუ უფრო - კონტროლი? მონაწილეთა აზრები გაიყო, მაგრამ არგუმენტები
საკმარისად იყო ორივე პოზიციის მომხრეთა სასარგებლოდ.
„მხოლოდ ინფორმირება და განათლება, თუნდაც სერვისებით უზრუნველყოფა საკმარისი რომ
იყოს, მარტო ფონდი „სოხუმის" საქმიანობა ეყოფოდა მთელ რეგიონს, - ითქვა
შეხვედრაზე. -
საჭიროა მეტი მონიტორინგი და სახელმწიფოს პასუხისმგებლობის საკითხის მეტად
გამოკვეთა".
აღინიშნა: „კარგი
იქნება, თუ ველოსიპედის გამოგონებას არ დავიწყებთ და სახელმწიფო გამოიყენებს არასამთავრობოთა რესურსს
სოციალური სერვისების მიწოდების კუთხით და ამისთვის საჭირო თანხებს გამოძებნის.
განსაკუთრებით - ადგილობრივ დონეზე".
მონაწილეთა პოზიცია
არასამთავრობო სექტორის მაკოორდინირებელ ფუნქციაზე ერთმანეთს დაემთხვა. არ ყოფილა
სადაო მოსაზრება, რომ „როგორც წესი, პირველები არასამთავრობოები ხედავენ პრობლემას, განგაშს ტეხენ, გამოსავლის
ძებნასაც პირველები იწყებენ. ისინი აფხიზლებენ ყველა სხვა სტრუქტურას, მათ შორის - ხშირად მათ, ვისაც ყველაზე მეტად
ევალება რეაგირება პრობლემაზე".
შეხვედრაზე დასმულ საკითხებს
ვრცელი სატელევიზიო სიუჟეტი მიუძღვნა ტელერადიოკომპანია „რიონმა".
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst
მხარდაჭერით (გერმანია) |